თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ბავშვებისა და მოზარდების ჩართვა თბილისში მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებში, რასაც წახალისებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და „რადიკალური ოპოზიციას“ მიერ, არის ამორალური საქციელი და ლიბერალური ფაშიზმი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
28 ნოემბრიდან, როდესაც პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა, ქვეყანაში პროტესტის ტალღა აგორდა. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი წინა დღეებში აზიანებდა ინფრასტრუქტურას, ესროდა ძალოვანებს ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
„ლიბერალური ფაშიზმი არის ყველგან შესული, მათ შორის, გამაოგნებელია, მაგრამ იმ ორგანიზაციებშიც, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებულნი ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვით... ხედავდით, რომ იყო შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები ძალადობაში ჰყავდათ ჩართული გუშინ და გუშინწინ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან ის მომხდარზე პასუხისმგებლობის საკითხს შეეხო.
„ამას არ სჭირდება შეფასება, არ სჭირდება გამოხმაურება? პირიქით, ერთადერთი, რაც ჩვენ მეორე მხრიდან ვიხილეთ ეს იყო წამახალისებელი განცხადებები, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება. ამაში ჩაერთო მთელი რადიკალური ოპოზიცია, მთელი მათი მედიასაშუალებები, ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პრეზიდენტის, ოპოზიციის და ოპოზიციური მედიის სახეს აჩვენებს.
„ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი. როცა ბავშვებს რთავ არამარტო პოლიტიკაში, არამედ პირდაპირ რთავ ძალადობაში, ეს არის ფაშიზმი და მეტი არაფერი, ყოვლად ამორალური საქციელი,“- განაცხადა პრემიერმა.
ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა, შემდეგ გამოაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას იმისა, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ისინი მოუწოდებენ პროტესტში ჩართვას მოსახლეობას, განსაკუთრებით სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად სხვადასხვა ქალაქში იმართება, თუმცა თბილისში პროტესტის ტალღამ სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტშია და ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.