თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ეს დაეხმარება ქვეყანას კვლავ გახსნას ევროკავშირთან მოლაპარაკებები, განაცხადა კიმბერლი ლოუმ, რომელიც არის ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე გააჟღერა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნილია. მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ვიცით, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა ლოუმ „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ლოუ ამბობს, ბევრი ქვეყანა ახლა დააბნია საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა, მის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, და იმან, თუ რატომ შეჩერდა ეს მოლაპარაკებები.
„როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო“, - განაცხადა ლოუმ.
ინტერვიუში ლოუმ ასევე აღნიშნა ის სამუშაო, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გასწია ეკონომიკის, დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და მიულოცა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
2025 წლის ივნისში უკრაინა და მოლდოვა გადავიდნენ ევროკავშირთან დაახლოების მომდევნო ეტაპზე - მოლაპარაკებების ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლებას კი განემარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.
მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შესაძლოა თავიდან ბოლომდე გადატვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.