თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის 30 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.
პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელები ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე ერთი კვირით ადრე შეიტანეს.
აღნიშნულ სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა ზეპირი მოსმენების გარეშე 28 და 29 ნოემბერს გაიმართა.
განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
მანამდე ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით მიეღწიათ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების 2/3--ის შედეგების ბათილად ცნობის აღიარება. საუბარია უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა..
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და ისე სასამართლოებისთვის, გარდა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა 16 ნოემბერს, როდესაც სასამართლოებში დასრულდა საარჩევნო დარღვევების შესახებ საჩივრების განხილვა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო და პარლამენტში 150-დან 89 ადგილი მოიპოვა.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართა, 28 ნოემბერს კი პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ერთი სარჩელი - ორი ბრალდება
პირველი ბრალდება - საყოველთაო კენჭისყრის პრინციპის დარღვევა.
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.
ზურაბიშვილმა მოითხოვა საარჩევნო უბნების გახსნა მათ შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებს გარეთ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბნების ფუნქციონირება მხოლოდ საელჩოსა და საკონსულოს შენობებში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიძლება გაიხსნას საკონსულოში რეგისტრირებული არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. 42 ქვეყანაში ჯამში 60 უბანი გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო (სულ 3 508 294), საიდანაც საზღვარგარეთ ხმა მისცა 34 574-მა საქართველოს მოქალაქემ (სულ 95 910 მოქალაქე იყო რეგისტრირებული).
საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, წინ გავიდნენ ოპოზიციური გაერთიანებები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო მთლიანად არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ბრალდება ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პირველმა წამოჭრა ეს საკითხი, მოგვიანებით ეს აიტაცეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ.
ისინი თავიანთ ბრალდებას იმით ამყარებდნენ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც იყო გაფერადებული წრე სასურველი პარტიის გასწვრივ. სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ოპოზიცია კვლავაც ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა არჩევნების ტოტალურ გაყალბებას და უარს ამბობს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ახალ პარლამენტში შესვლაზე.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.