თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრალურ გამზირებზე - რუსთაველზე, მელიქიშვილსა და ჭავჭავაძეზე, სადაც 3 დეკემბრის ღამეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, ტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, 28 ნოემბრიდან იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
გამთენიისას სპეცრაზმმა ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა - მანამდე აქციის მონაწილეების ნაწილს თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი.
შემდგომ აქციის მონაწილეები თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკისკენ დაიძრნენ და ბოლოს ყიფშიძის ქუჩაზე დაიშალნენ.
3 დეკემბრის ღამეს დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“.
აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი.