თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის გადაწყვეტილების გამო დაწყებული საპროტესტო ტალღა, რომელმაც მოიცვა თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები, ჯაშუშების მიერ ორგანიზებული გადატრიალების მცდელობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ.
საპროტესტო ტალღა 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებისთანავე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
„ჩვენ დღეს ქუჩაში საპროტესტო აქციებს არ ვხედავთ, ქუჩებში ვხედავთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელიც დაორგანიზებულია ამ ჯაშუშების მიერ. ეს არის იმ ტრენინგების შედეგი, რომლითაც იყვნენ დაკავებული მათი პატრონები მათივე პარტაქტივისთვის", - განაცხადა კირცხალიამ.
რა თქმა უნდა, იქ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რეალურად არის შეცდომაში შეყვანილი, დასძინა დეპუტატმა.
„პირველ რიგში ჩვენი გეგმა არის იმ საზოგადოების ნაწილის მაქსიმალური ინფორმირებაა, რომელიც ამ აღქმების თეორიის ქვეშაა მოქცეული, ხოლო დანარჩენს - დესტრუქციას და გადატრიალების მცდელობას, რასაც ახლა ვუყურებთ, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები სათანადო პასუხს გასცემენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.