ჭავჭავაძის გამზირზე ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს

Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია კვირას 19:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა - აქციის მონაწილეებმა გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის - შეკრებილებმა ბუნკერებით გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის გასასუფთავებლად ღონისძიებები დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყეს. დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ამ დროისთვის თავისუფალია დემონსტრანტებისგან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას, აგებდნენ ბარიკადებს, ანთებდნენ კოცონს, საპასუხოდ კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იღებდნენ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.