პიროტექნიკა, ცეცხლი, ბარიკადები, წყლის ჭავლი და დაკავებები - მორიგი მძიმე ღამე თბილისში

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირი თავისუფალია დემონსტრანტებისგან, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას, აგებდნენ ბარიკადებს, ანთებდნენ კოცონს, საპასუხოდ კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იღებდნენ.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია კვირას 19:00 საათისთვის დაიწყო და დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ჯერ მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმართულებით, შემდეგ კი მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია - ტერიტორია მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დაასუფთავეს, აქციის მონაწილეები ბარიკადების მოწყობას სხვადასხვა რკინის კონსტრუქციებით, ელექტროსკუტერებით, ნაგვის ბუნკერებით ცდილობდნენ.
ტრადიციულ ცხელ წერტილებს - ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებს დაემატა უშუალოდ საკანონმდებლო შენობის წინა ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, ძალოვანების ჩაყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქციის მონაწილეებმა მიზანმიმართულად დაიწყეს შენობის ამ ნაწილის დაზიანება. წინა ღამით მათ მოახერხეს შენობის მეორე სართულის ფანჯრის მინების ჩამტვრევა და იქ ცეცხლის გაჩენა.
შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეთა აგრესიული ჯგუფები, ისევე როგორც წინა დღეებში, თავს დაესხნენ პოლიციელებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ესროლეს ქვები, პიროტექნიკა, მინის ბოთლები და რკინის ნივთები.
„1-2 დეკემბერს აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცავებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანებები და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პროტესტის დაწყების დღიდან - 28 ნოემბრიდან დღემდე ჯამში შსს-ის 113 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 კლინიკაში რჩება.