თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეასრულებს მკაფიო გეგმას და სამთავრობო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებებია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება, სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირება და დასაქმების გაზრდა.
„მინდა ყველას მოგილოცოთ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიერ და პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი ვალია, რომ ჩვენი გეგმა, პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის ამბიციური გეგმა გულისხმობს ამბიციური ამოცანების შესრულებას საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით, მიზანი კი არის ოთხ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკის 130 მილიარდ ლარამდე გაზრდა.
კობახიძემ ტენდენციებს ძალიან პოზიტიური უწოდა და მაგალითად მოიყვანა უახლესი სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11% შეადგინა.
„წინა თვეში, მიუხედავად იმისა, რომ იყო საარჩევნო თვე და არჩევნებთან არის ხოლმე დაკავშირებული გარკვეული შიშები, ეკონომიკურმა ზრდამ 11% შეადგინა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს. მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ტემპით შესაძლებელია მიზნის მიღწევა და ქვეყნის ეკონომიკის 130 მილიარდ ლარამდე გაზრდა მომდევნო ოთხ წელიწადში, რაც ასევე აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე.
გარდა ამისა, კობახიძემ განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.
მისი თქმით, ბოლო 2,5 წლის მანძილზე შეიქმნა 170 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.
„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ამის გამო, 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდება ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელია", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზანი ამბიციურია თუმცა, აბსოლუტურად მიღწევადი.
„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სიღარიბეც შემცირდება და ჩვენი ამბიციური და მიღწევადი მიზანია ოთხ წელიწადში სიღარიბის დონე 4%-მდე შევამციროთ, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიოშვნელოვანია რიგი პროექტების განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის საკომუნიკაციო ფუნქციის გაძლიერება“, - განაცხადა მან.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11%, 2023 წელს - 7,8% იყო. 2024 წლის ოქტომბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 10%.