პრემიერი: ოპოზიციასთან მოლაპარაკებები არ იქნება

კობახიძის თქმით, ამჯერად საქართველოს ხელისუფლება თანახმაა ოპონენტებთან მხოლოდ საჯარო დისკუსიაზე.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
„არა, არანაირი მოლაპარაკება. ჩვენ გვახსოვს 2021 წლის თავსმოხვეული მოლაპარაკებები, შემდეგ გვაიძულეს კონსტიტუციური ჩარჩოდან გავსულიყავით. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციას ასეთი რესურსი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც იმის მტკიცებით, რომ მოხდა გაყალბება. მათ ბოიკოტი რამდენიმე თვის შემდეგ შეწყვიტეს - 2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, ამ შეთანხმებას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა - ოპოზიციისთვის სასამართლოზე გავლენის მოპოვების შესაძლებლობა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე კონტროლის უზრუნველყოფა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
პრემიერის თქმით, ამჯერად საქართველოს ხელისუფლება თანახმაა ოპონენტებთან მხოლოდ საჯარო დისკუსიაზე.
„როგორც ვნახეთ, გარკვეული ადამიანების მხრიდან არის ინტერესი. და უახლოეს მომავალში, ამ დღეებში, მზად ვართ მათთან ერთად დავჯდეთ საჯარო დისკუსიი ფორმატში“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დისკუსიისგან განსხვავებით, დღეს მოლაპარაკების გამართვისთვის საფუძველი არ არსებობს.
საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ პრემიერის წინადადებას უკვე გამოეხმაურა რამდენიმე პოლიტიკოსი -
მათ შორის არიან ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი და საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციაზე არაერთი შეურაცხყოფისა და თავდასხმისა, მთელი ამ დღეების განმავლობაში ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებზე უკეთ მართავდა პროცესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მან სინანული გამოთქვა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის ცალკეულ შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება.