თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა, ნათქვამია სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებაში.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეხუთე დღეა არ ცხრება. აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები ყოველ დღე პარლამენტის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან.
დღევანდელი აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით, მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.
„როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა", - დაწერა სოციალურ ქსელში იოსელიანმა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოვლენები დღესაც წინა დღეების მსგავსად ვითარდება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა. რკინის ჯებირზე ბრახუნი და სკანდირება, პარლამენტის შენობას ესროლეს გაურკვეველი საგნები აალებადი ნივთიერებით, რასაც პასუხად წყლის ჭავლი მოჰყვა. ჩამსხვრეულია პარლამენტის ფანჯრის შუშები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დაშვებულ ფარგლებში.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
ამ დროისთვის დემონსტრანტები მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, გადაიკეტა კოსტავას ქუჩა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
ბოლო ინფორმაციით, თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს.