საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძე გაძარცვეს

წინასწარი ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 - 200 ათას ევრომდე მერყეობს.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული კლუბ „ლიონის" ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გაძარცვეს, იუწყება ფრანგული მედია.
შემთხვევა ლიონთან ახლოს, შასიეს კომუნაში, ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძე საფეხბურთო კლუბ „ნიცასთან" გამართული მატჩის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. როცა მან ავტომობილი გააჩერა, მასთან ორი შეიარაღებული პირი მივიდა და სახლის გაღება მოსთხოვა.
ფეხბურთელმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, მძარცველები მის სახლში შევიდნენ, რამდენიმე ძვირადღირებული საათი და სხვა ნივთები წაიღეს და მიიმალნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ნაძარცვის საერთო ღირებულება 150 - 200 ათას ევრომდე მერყეობს.
როგორც თავად მიქაუტაძემ განაცხადა, მძარცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.