საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს

Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველები პარლამენტის წინ დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად წყლის ჭავლს იყენებენ, თავად აქციის მონაწილეები კი პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. დაკავებულთა საერთო რაოდენობა 200 ადამიანს აჭარბებს.
ამ წუთებში ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ჭიჭინაძის ქუჩაზე. შსს აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს - მომიტინგეთა რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა საგნებს, ქვებსა და პიროტექნიკას ისვრიან პარლამენტის შენობის მიმართულებით.
სპეციალური დანიშნულების რაზმები პერიმეტრის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.
პოლიციის ქმედების მიუხედავად, შეკრებილები არ იშლებიან. ისინი პროტესტს შეძახილებით გამოხატავენ. ასევე, პოლიციის მისამართით ისვრიან პიროტექნიკას.
ცნობისთვის, მანამდე პოლიციამ წყლის ჭავლი პარლამენტის წინა ტერიტორიაზეც გამოიყენა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, მოუწოდა აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს.