პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას დაელაპარაკება

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ტრამპის ახალ ადმინისტრაციას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს საუბარს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
„თქვენ ხედავთ, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია ცდილობს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ, ტრამპის ადმინისტრაციას. ისინი ამას აკეთებენ საქართველოს და უკრაინასთან მიმართებით, თუმცა ამას არ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, ჩვენ დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ყველაფერზე ახალ ადმინისტრაციასთან ვისაუბრებთ“, - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ზუსტად იგივე დროებითი მოვლენა, რაც სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდი.
28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ამოიღოს დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს, რაც მათთვის მიუღებელია. ოპოზიციის პროტესტს მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ორგანიზაციების თანამშრომლების ნაწილმა და ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა.
კობახიძემ განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.