თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ შეთანხმების ძირითადი პრინციპების დარღვევით, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია. ამის შესახებ შაბათს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო... მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.
„ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლების ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ამოიღოს დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს, რაც მათთვის მიუღებელია. ოპოზიციის პროტესტს მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ორგანიზაციების თანამშრომლების ნაწილმა და ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა.
კობახიძემ განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.