თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, მუშაობს წყლის ჭავლის მანქანა, სპეცდანიშნულების რაზმი მომიტინგეებს აკავებს.
საპროტესტო აქცია თბილისში დაახლოებით 19:00 საათზე განახლდა. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ამჟამად სპეცრაზმს და სპეცტექნიკას პარლამენტის ორივე მხარე - 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები, ასევე ახალგაზრდობის სასახლის მოპირდაპირე ტერიტორიები უკავია.
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა ძალოვანების მისამართით ფეიერვერკების, პიროტექნიკის, საღებავის და სხვა საგნების სროლა დაიწყეს.
შსს-ს წარმომადგენლები პერიოდულად იყენებენ წიწაკის სპრეს და წყლის ჭავლს. პოლიციამ ასევე ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები დაშლის მოწოდებას უგულებელყოფენ. ზოგიერთი მათგანი ცეცხლს ანთებს, ისევე როგორც წუხელ.