თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ „ძალადობის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით (სსკ-ის 333-ე მუხლი).
„სამსახური, ცხელის ხაზის მეშვეობით, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 24 საათის განმავლობაში იღებს შეტყობინებებს, რასთან დაკავშირებითაც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების შესწავლის საგანს, ასევე, წარმოადგენს მედიასაშუალებებით გასული ძალის გადამეტების ინდივიდუალური შემთხვევები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სწავლობენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან მედიით გასულ ყველა კადრს და ეპიზოდს, ხვდებიან დაკავებულ პირებს, იზოლატორებსა და საგამოძიებო სამსახურში ტარდება გამოკითხვები, დაშავებულ აქციის მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს უტარდებათ და ჩაუტარდებათ სამედიცინო ექსპერტიზები, მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებიდან დოკუმენტაციის გამოთხოვა“,- ნათქვამია განცხადებაში.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.