თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება, მიუხედავად უშიშროების ძალების არაერთი მოწოდებისა დაშლისკენ - მომიტინგეები სპეცრაზმის მიმართულებით ისვრიან პიროტექნიკას, ფეიერვერკებს, ბოთლებს და სხვა ნივთებს, საპასუხოდ კი იღებენ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საპროტესტო აქცია თბილისში დაახლოებით 19:00 საათზე განახლდა. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში შოთა რუსთაველის თეატრთან იმყოფებიან. რუსთაველის გამზირზე შუა გზაზე, ირგვლივ ნაპოვნი საგნებისგან - ესაა ნაგვის ურნები, ელექტრო სკუტერები, სკამები, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები და სხვა საგნები - ბარიკადები ააწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს.
მათგან დაახლოებით 100-150 მეტრში არის სპეცდანიშნულების და შსს-ს სხვა დანაყოფების წარმომადგენლების კორდონი, ასევე სპეცტექნიკა. დროდადრო ძალოვანები ახორციელებენ დაკავებებს, ამ დროს ისინი მომიტინგეების დიდ ნაწილთან კონტაქტს ერიდებიან.