პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს, რის გამოც რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან განთავსებულ რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ, რითაც პროტესტს გამოხატავენ. დღეს დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, მათ შორის, საზოგადეობრივ მაუწყებელთან და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში იმართება - დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანშიც.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.