სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნას აპროტესტებენ, მხარდაჭერა გამოუცხადა.
მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები თბილისში, ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქებში განაახლეს. როგორც გუშინ, დღესაც ყველაზე მეტი ადამიანი დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა, სადაც ძალიან დაძაბული ვითარებაა, პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს.
„ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად“, - მიმართა მან მომიტინგეებს.
გარდა ამისა, მან სამართალდამცველებსაც თხოვნით მიმართა, რომ მომიტინგეებზე ხელი არ აწიონ.
„ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.