საეკლესიო კალენდარი: 29 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ნოემბერს მათე მოციქულისა და მართალი ფუბლიანეს, წმიდა ნათლისღებით მათეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე
წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:
- შემომიდეგ მე!
ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა.
ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე.
უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი.
საეკლესიო კალენდარი: 28 ნოემბერი
ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.
იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას.
უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო.
წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი: წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან.
როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.
მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. წმიდა მოციქულმა უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).
ფუბლიანემ ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მას მათე ეწოდა.
მან მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით