თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობას მაშინ უნდა გაეპროტესტებინა, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ უთხრა უარი ქვეყანას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და არა საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი გადაწყვეტილების გამო, დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის ამოღების შესახებ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვას მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე. ამას მოჰყვა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია, რომელიც გამთენიისას მომიტინგეთა დარბევით დასრულდა.
დეპუტატის თქმით, უცნაურია, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ იმ განცხადებას, რომელიც ადასტურებს ევროკავშირისკენ სვლის პროცესს და მეორე მხრივ ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი ხელოვნურად არის დაპაუზებული და ამას გარკვეული ზეწოლის იარაღად იყენებენ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დამატებით ეს საკითხი აქტუალიზებული არ იქნება, მანამ სანამ ევროკავშირი თავად არ გადაწყვეტს რომ მოლაპარაკებები გახსნას.
„ამის ფონზე, მე არ მინახავს არავინ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მისულიყო და მოლაპარაკებების გახსნა მოეთხოვა. არ მინახავს კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ არ მოცემის გამო ამ ხალხის პროტესტი ან გულისწყრომა, როდესაც საქართველოს უსამართლოდ და დაუმსახურებლად არ მისცეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა წილოსანმა.
სიტუაციის არასწორი ანალიზი ხდება და არასწორად მიემართება აგრესია, აღნიშნა დეპუტატმა.
წილოსანის თქმით, იგივე ხდებოდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ირგვლივ შექმნილი სიტუაციის დროსაც.
„ყალბი ემოცია, ხელისუფლების მიმართ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი წარმატებული იყოს, მათ შორის ყველაზე კარგი პარამეტრებით გამოირჩევა საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამის პარალელურად, როცა სისტემატურად იჩაგრება შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია რას უნდა აპროტესტებდე პარლამენტის წინ“, - განაცხადა მან.
სამწუხაროა ასევე ის, რომ ევროპის მოტივით პატარა პოლიტიკურ დაჯგუფებას შეუძლია ყველაზე არასწორი პროტესტი დააგენერიროს, განაცხადა წილოსანმა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, „ვის მიჰყავს ევროპაში ეს ადამიანები, უნდათ რომ სალომე ზურაბიშვილმა, ნიკა გვარამიამ, ლიაკა ხოშტარიამ ან გიორგი ვაშაძემ წაიყვანოს?“
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.
აქციის ქრონოლოგია
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
აქციის დროს ძალოვანებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სამი მათგანი დაშავდა. აქციის მონაწილეებს დახმარება სჭირდებოდათ მას შემდეგ, რაც პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა. დაახლოებით 02:00 საათზე ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ვითარება ყველაზე მეტად დაძაბული იყო, სპეცრაზმმა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია ჩაანაცვლა და მალევე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება.
პარლამენტთან მომიტინგეების დაშლის შესახებ არაერთი მოწოდების შემდეგ, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.
კობახიძემ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.