მედია: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 სამართალდამცველი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა - აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგნებს, იყენებენ პიროტექნიკას.
ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილთა დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი" გამოიყენა.
ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.
მედიაში ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, რომელთა შორის არიან აქციის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი, გავრცელებული ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე უცნობია თუ რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან რუსთაველის გამზირის გათავისუფელბას ცდილობს, თუმცა დემონსტრანტები ტერიტორიას მაინც არ ტოვებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.