აქციის დაშლა: სახალხო დამცველი ხელისუფლებას პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

ვლინდება მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, აცხადებს სახალხო დამცველი
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეშფოთებულია პოლიციის ქმედებებით საპროტესტო აქციაზე იმ პირთა დარბევისას, ვინც არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხის ამოღების შესახებ, და უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტის გამოძიებას მოითხოვს, ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წუხელ ღამით სპეცრაზმმა, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დაშლისკენ არაერთი მოწოდების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა. პოლიციამ 43 პირი დააკავა, მოგვიანებით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავდა 32 პოლიციელი.
„შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვლინდება მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა.
„ცალკე ყურადღებას იმსახურებს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და სისასტიკის ხარისხი, მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართული დაზიანება, რაც წარმოადგენს ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველ ქმედებებს და ხელს უშლის მათ პროფესიულ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი პოლიციის ქმედებებს დანაშაულებრივს უწოდებს.
„სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო.
„გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის მონაცემებით, ექვს პირს ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა.
სახალხო დამცველის აპარატმა ყველა დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირის შესახებ უკვე შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.
„სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის ქრონოლოგია
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
აქციის დროს ძალოვანებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სამი მათგანი დაშავდა. აქციის მონაწილეებს დახმარება სჭირდებოდათ მას შემდეგ, რაც პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა. დაახლოებით 02:00 საათზე ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ვითარება ყველაზე მეტად დაძაბული იყო, სპეცრაზმმა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია ჩაანაცვლა და მალევე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება.
პარლამენტთან მომიტინგეების დაშლის შესახებ არაერთი მოწოდების შემდეგ, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.
კობახიძემ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.