თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესო აქციის დროს დაკავებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა, 7 პირს არ სურს რეაგირება, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე. წუხელ ღამით სპეცრაზმმა, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დაშლისკენ არაერთი მოწოდების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა. პოლიციამ 43 პირი დააკავა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დღის მანძილზე სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით 29 პირი მოინახულეს, რომელთაგან დაკავებული იყო 28. ერთ-ერთი დაკავებული მოთავსებულია სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სხვები კი თბილისის იზოლატორებში.
რწმუნებულებმა კლინიკაში მოინახულეს ჟურნალისტი გურამ როგავა. გურამ როგავას განცხადებით, საპროტესტო აქციაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამართალდამცავებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც გონება დაკარგა. გურამ როგავას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივი ქმედებებზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„მონახულებული 29 პირიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ 23-მა პირმა მიუთითა (7 პირს არ სურს რეაგირება). მათი უმრავლესობის თქმით, პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ დაკავების პროცესში განიცადა. ნაწილი მათგანი ასევე მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილს ხილულად აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები, მაგალითად, ერთ დაკავებულს თავის არეში აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები, სხვა დაკავებულს - სახეზე, მარჯვენა წარბთან აღენიშნებოდა დაზიანება.
„დაკავებულთა ნაწილის თქმით, მათი დაკავება ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რომლებიც დაკავებულებს გადასცემდნენ სხვა თანამშრომლებს, რომლებსაც ასევე არ გააჩნდათ სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, რის შემდეგაც ხდებოდა მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საპატრულო პოლიციას ისინი გადაჰყავდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც იწყებოდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ დოკუმენტაციის შედგენა. დაკავებულთა ნაწილის განცხადებით, დამკავებლები პირებად უთითებდნენ მცდარ მონაცემებს კერძოდ კი, იმ პოლიციელებს, რომელთა მიერ მათი უშუალო დაკავება არ განხორციელებულა, აცხადებენ უწყებაში.
„სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა დაკავებისას ხსენებულ მავნე პრაქტიკაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და სასამართლოების შეცდომაში შეყვანის საფუძველს ქმნის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის აპარატი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას უფლებამოსილი უწყებების ინფორმირებისა და გამოძიების შემდგომი მონიტორინგის განხორციელების გზით.
აქციის ქრონოლოგია
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
აქციის დროს ძალოვანებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სამი მათგანი დაშავდა. აქციის მონაწილეებს დახმარება სჭირდებოდათ მას შემდეგ, რაც პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა შეტაკებები გაგრძელდა. დაახლოებით 02:00 საათზე ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ვითარება ყველაზე მეტად დაძაბული იყო, სპეცრაზმმა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია ჩაანაცვლა და მალევე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება.
პარლამენტთან მომიტინგეების დაშლის შესახებ არაერთი მოწოდების შემდეგ, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ პოლიციამ აქციაზე 43 ადამიანი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.
კობახიძემ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.