თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მუშაობს განათლების რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სკოლებში სასწავლო გეგმა პატრიოტიზმსა და ეროვნული და პიროვნული იდენტობის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
XI მოწვევის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით განახლებულ მთავრობას და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.
„აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე არის დაწყებული... თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამა სკოლებში დაეფუძნოს სწორედ ამ ღირებულებებს, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი, იდენტობის პატივისცემა, ეროვნული, პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, განათლების სფეროში რეფორმის განხორციელებისას იქნება წინააღმდეგობა, რადგან ძალიან სერიოზული ძალები არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაზე წლებია მუშაობდნენ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საუბარია „ლიბერალურ ტენდენციებზე“, რამაც საქართველოში 2004 წლიდან ღრმა ფესვები გაიდგა.
კერძოდ, გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება ქართული ლიტერატურის და ისტორიის სახელმძღვანელოებიდან და სასწავლო პროგრამებიდან მნიშვნელოვანი საკითხების ამოღებას.
„ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას კონკრეტული ძალები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, პირველი დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს - ეს არის სწორედ პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა.
პრემიერის თქმით, განათლება მთავრობის ზრუნვის საგანი გახდება.
გეგმები განათლების სფეროში
სამთავრობო პროგრამის თანახმად, ბილინგვური საბავშვო ბაღები, სასკოლო პროგრამის გადახედვა და უცხოეთში სწავლის დაფინანსების გაზრდა - ეს იქნება განათლების სექტორის პრიორიტეტული მიმართულებები.
საქართველოს მთავრობა აპირებს მოიცვას განათლების ყველა სფერო - სკოლამდელიდან უმაღლეს განათლებამდე.
კერძოდ, სკოლამდელი განათლების სფეროში იგეგმება ინფრასტრუქტურის განახლება და ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის აშენება/გარემონტება.
გარდა ამისა, იგეგმება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის დაწყება, რაც შესაძლებელს გახდის განათლების ხარისხის ერთიან სტანდარტამდე მიყვანას და პერსონალის კვალიფიკაციის განსაზღვრას.
ასევე იგეგმება საბავშვო ბაღებში სასკოლო პროგრამის გაძლიერება და სკოლამდელი განათლების ახალი დივერსიფიცირებული მოდელის დანერგვა.
მთავრობა ასევე აპირებს საბავშვო ბაღების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.
რაც შეეხება სასკოლო განათლებას, მთავრობა გეგმავს სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების სრულ განახლებას და ახალი სისტემის დანერგვას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასკოლო მოსწრება უნივერსიტეტებში ჩაბარებისას.
ამასთან, სკოლებში სამედიცინო კაბინეტები და სოცმუშაკების კაბინეტები დამონტაჟდება. ასევე შემუშავდება მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მექანიზმი.
სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბილინგვურ სისტემას არაქართულენოვანი ჯგუფებისა და სექტორებისთვის, ასეთი სისტემა სავალდებულო გახდება ყველა აკრედიტებული სკოლისა და საბავშვო ბაღისთვის.
რეფორმა ასევე შეეხება პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. კერძოდ, იგეგმება განათლების დაფინანსების საკითხის გაზრდა და გადახედვა, ასევე შრომის ბაზრისთვის პრიორიტეტული პროგრამების განსაზღვრა.
გარდა ამისა, იგეგმება საზღვარგარეთ ახალგაზრდების გადამზადების სახელმწიფო დაფინანსების კვოტის გასამმაგება.