ძლიერმა წვიმამ ბათუმსა და ზუგდიდში პრობლემები შექმნა: დაიტბორა ქუჩები და სახლები

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი ოჯახებს კომისიური წესით აუნაზღაურდებათ, განაცხადეს მერიაში.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში ძლიერმა წვიმამ გზები და რამდენიმე ქუჩა დატბორა, მერიის ცხელ ხაზზე მოქალაქეებისგან 90-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, იტყობინება უწყების პრესსამსახური.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, ბათუმში უამინდობა უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.
ბათუმის მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მცირე მეწყრული პროცესები, სადაც უკვე დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები.
ქალაქის მასშტაბით გრძელდება სანიაღვრე ჭების, ცხაურებისა და ზღვაში გამსვლელი არხების წმენდა. მიმდინარეობს შტორმის შედეგად დანაგვიანებული ახალი ბულვარის პრომენადის დასუფთავება.
„გამწვანების სამსახური ახორციელებს დაზიანებული მცენარეების მოვლის ღონისძიებებს ცენტრალურ პარკში. უკვე დასრულდა ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხის სალიკვიდაციო სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ სკვერში. დაიტბორა რამდენიმე ლოკაცია, სადაც განხორციელდა ამოტუმბვის სამუშაოები“, - აღნიშნეს ბათუმის მერიაში.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი ოჯახებს კომისიური წესით აუნაზღაურდებათ, განაცხადეს მერიაში.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა, დაზიანდა გზები.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ტერიტორიაზე მობილიზებული იყო კეთილმოწყობის მართვის ცენტრის სპეციალური ტექნიკა.
მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.