თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 13,8 %-მდე შემცირდება, ნათქვამია საინევსტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,8% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 26,4 ათასი ადამიანით, ანუ 10,5%-ით შემცირდა და 225,7 ათასი ადამიანი შეადგინა.
„ჩვენი პროგნოზით უმუშევრობა 13,8%-მდე შემცირდება 2024 წელს, 2023 წლის 16,4%-დან", - ნათქვამია მიმოხილვაში.
საინვესტიციო კომპანიას მოჰყავს სტატისტიკის მონაცემები, რომლის თანახმად, ქვეყანაში 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევრობა 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 13,7%, პირველ კვარტალში - 14%, 2023 წლის მეოთხე კვარტალში - 15,3%, მესამე კვარტალში 15,6%, მეორე კვარტალში - 16,7%, პირველ კვარტაიშ - 18%.
დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 31,2 ათასი ადამიანით (3,3%) და 974,4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9,9 ათასით გაიზარდა (2,4%) და 432,7 ათასი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 54,7% შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით მეტი.