„კოალიციამ ცვლილებისთვის“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

ოპოზიციონერებმა პარლამენტის კანცელარიაში განცხადებები ჟურნალისტების თანდასწრებით ჩააბარეს.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტში შესულმა „კოალიცია ცვლილებებისთვის" 19-ვე წევრმა მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად მიმართა, ნათქვამია სამი პარტიის გაერთიანების განცხადებაში.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-ვე წევრმა უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. ამით ჩვენ სრულად გავწყვიტეთ სამართლებრივი ურთიერთობები არალეგიტიმურ „პარლამენტთან". ჩვენ არ მივიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას და არც სხვა საპარლამენტო პროვილეგიებს", - ნათქვამია კოალიციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციონერებმა პარლამენტის კანცელარიაში განცხადებები ჟურნალისტების თანდასწრებით ჩააბარეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის" შემადგენლობაში შედიან პარტიები, რომლებიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს. - ნიკა მელიასა და ნიკა გავრამიას პარტია „ახალი“, ელენე ხოშტარიას „დროა“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
„რასაც დღეს ვაკეთებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხალხის და ამომრჩევლის წარმომადგენლობაზე ვამბობთ უარს. არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებების მიღების მანდატზე ვამბობთ უარს. არა, პირიქით. ის გზა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე", - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის" ამომრჩეველმა ხმა მისცეს ცვლილებას და კოალიცია ამის ერთგულია. როგორც მელიამ აღნიშნა, კოალიციის მიზანი არის „ქართული ოცნების“ მარტო დატოვება პარლამენტში და ახალი არჩევნების ჩატარება.
მანამდე დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტში განცხადება შეიტანა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნული კოალიციის ხერხემალი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ვაშაძე კოალიციის შემადგენლობაში შემავალ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს" ხელმძღვანელობს. აღნიშნული პარტია ვაშაძემ 2016 წელს „ნაცმოძრაობის" დატოვების შემდეგ დააარსა.
გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის გაუქმების თაობაზე პარლამენტი იღებს. საკანონმდებლო ორგანოს ახლადარჩეული წევრისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებისთვის საჭიროა მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა. მმართველ პარტიას პარლამენტში 150-დან 89 ადგილი აქვს.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამი ოპოზიციური კოალიციის „ბორტს მიღმა" დარჩენილი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაცია გააუქმა.
სამშაბათს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დეპუტატობის დარჩენილ კანდიდატებს".
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.