საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რეორგანიზაცია იგეგმება

დეპარტამენტში ინტეგრირებული იქნება მსხვერპლთა უფლებების დაცვის დეპარტამენტიც.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური უწყების გაძლიერების მიზნით, საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე რეორგანიზაციის ფარგლებში, აპირებს შექმნას ორი ახალი დეპარტამენტი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, საგამოძიებო დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდება სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივ დანაშაულებს, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს და ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას უზრუნველყოფს.
პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი კი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის ფაქტებს გამოიძიებს.
ორი დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნით სამსახურს მიეცემა საშუალება, ერთის მხრივ, ყველა კატეგორიის დანაშაულის გამოსაძიებლად საგამოძიებო რესურსი რაციონალურად გადაანაწილოს, მეორე მხრივ კი ყველა გამომძიებელს მხოლოდ ერთი კატეგორიის დანაშაულზე მუშაობის შესაძლებლობა ექნება.
აღნიშნული საკითხის დარეგულირების შესახებ რეკომენდაციები ასევე ხაზგასმულია საერთაშორისო ორგანიზაციების და უფლებადამცველების ანგარიშებში.
გარდა ამისა, სტრუქტურული ცვლილებები ასევე უკავშირდება ბავშვებისა და მოზარდებისთვის საშიშ ისეთ გამოწვევას, როგორიც არის ინტერნეტ-სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევები.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, რომლის თაობაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა, პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში ასევე ჩამოყალიბდება პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვაში მსჯავრდებულ პირთა მონიტორინგის სამმართველო.
ახალი სამმართველო გააკონტროლებს ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების ქცევას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების გატარებას უზრუნველყოფს.
დეპარტამენტში ასევე გაერთიანდება მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო, მისი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ დაზარალებული მოქალაქეებისთვის, მათ შორის განმცხადებლებისთვის უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, საქმის მასალების გაცნობას, დაცვის სპეციალური პროგრამების შეთავაზებას.
გარდა ამისა, უწყება უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის საქმის მასალების გაცნობის პროცესის ორგანიზებას.
რეორგანიზაციის ფარგლებში უწყების გაძლიერების და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამსახური 2025 წლის აპრილში, რუსთავში, მორიგ მეხუთე რეგიონალურ სამმართველოს აამოქმედებს.