თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ბიუროს პრეზიდენტის არჩევნების თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელიც დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა.
„მე შემოვდივარ ამ შემთხვევაში წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას შევიტანთ ჩვენ დღის წესრიგში და გავა უკვე პლენარულ სხდომაზე. იქ უკვე პარლამენტის სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.
მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.