თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საზოგადოებას ძალიან მალე წარვუდგენთ ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატურას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება.
„პირველ რიგში, მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს პატრიოტი, პატიოსანი, არ უნდა იმართებოდეს გარე ძალებისგან, არ უნდა ასრულებდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების დავალებებს. ის უნდა იცავდეს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს - არჩევნები პარლამენტში გაიმართება.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.
მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.