თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამი ოპოზიციური კოალიციის „ბორტს მიღმა" დარჩენილი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაცია გააუქმა.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა 5%-იანი ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.
„უწყების გადაწყვეტილება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს პარტიების შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკომ უსაფუძვლო უწოდა იმას, თუ რა შეფასებაც მისცეს ამ კოალიციებმა პარტიული სიების გაუქმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
„ვთვლით, რომ აღნიშნული შეფასებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს და არ ასახავს რეალობას. ცესკო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების სრული დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კანონის თანახმად, ცესკოს მიერ შედგენილი იქნა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
პარტიული სიების გაუქმების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებები და წერილები გაეგზავნებათ შესაბამის პოლიტიკურ გაერთიანებებს.
რაც შეეხება პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებს, ოპოზიციონერი 61 დეპუტატიდან ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა დაწერა განცხადება მანდატის გაუქმების მოთხოვნით. საუბარია კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძეზე.
აღნიშნული კოალიციის ხერხემალი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. ვაშაძე კოალიციის შემადგენლობაში შემავალ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს" ხელმძღვანელობს. აღნიშნული პარტია ვაშაძემ 2016 წელს „ნაცმოძრაობის" დატოვების შემდეგ დააარსა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეღიარებინა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება, ასევე აერჩია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.
პარლამენტში შესული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.