თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პორტებმა და ტერმინალებმა 2024 წლის მესამე კვარტალში 4,2 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 13,6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ვებგვერდზე განთავსებული მასალების შესახებ.
უწყების ცნობით, გადამუშავებული ტვირთების 44,8% გენერალური ტვირთია, 36,1% – თხევადი, 19,1% კი – ნაყარი ტვირთი.
ივლის-სექტემბერში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 412 გემი, რომელთა 34,2% გენერალური ტვირთის გადამზიდია, 31,3% – თხევადი ტვირთმზიდი, 24% – კონტეინერმზიდი, ხოლო 10,5% ნაყარ ტვირთმზიდებზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე ნაწილდება.
ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღეს 42,9%-ით მეტი სპეციალიზებული გემები, 8,4%-ით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 2,2%-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 18,2%-ით ნაკლები კონტეინერმზიდი და 36%-ით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი.
ამასთან, მესამე კვარტალში პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 22,6% თურქეთის დროშით დაცურავდა, 15,3% – პანამის, 9,2% - მალტის, 6,6% – ლიბერიის, ხოლო 46,3% სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.
მგზავრების გადაყვანა
გარდა ამისა, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვაო პორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა - საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურები 2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოში ამჟამად ორი – ბათუმისა და ფოთის ნავსადგური მუშაობს. ტვირთის ძირითადი ნაკადი ფოთის პორტით გადის. ამ პორტის მინუსი მისი შედარებით მცირე სიღრმეა – ამჟამად ნავსადგურს არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.