მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან იძენს.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის მარლამენტმა ახალარჩეული 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, შესაბამისად, წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში არ გამოცხადდა, პარლამენტის პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ გახსნა. მან მოსახლეობას მადლობა გადაუხადა საქართველოს მმართველი პარტიის მხარდაჭერისთვის.
„გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, ღირსეულ კეთილდღეობას და დასახული მიზნების შესრულებას. ღმერთი გფარავდეთ!”, - განაცხადა კახაძემ.
ახლადარჩეული პარლამენტი უფლებამოსილია დაიწყოს მუშაობა, თუ მას ესწრება ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის (სულ 150 მანდატი) უმრავლესობა - რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ მმართველი პარტიის პროპორციული სიით არჩეულმა 88 დეპუტატმა.
პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან იძენს. დღეს ასევე, კენჭი ეყარა იმ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობას, რომლებიც მანდატებზე ამ დრომდე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ ახალ პარლამენტში მუშაობას.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს.