თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. „სურსათის ბანკის" საწყობი, სადაც საქართველოში არსებული მაღაზიები და კაფეები შეძლებენ ქველმოქმედების მიზნით საკვების ჩაბარებას, 2025 წლის დასაწყისში გაჩნდება, განაცხადა „სურსათის ბანკის” პროექტის ინიციატორმა, „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა ჯუბა მარუაშვილმა.
„სურსათის ბანკები“ მხოლოდ ვადიან და მოხმარებისთვის უსაფრთხო პროდუქტების მიღებას შეძლებენ, რომელთა ჩამონათვალიც საქართველოს მთავრობამ დაადგინა. იგი ცენტრალური, დიდი საწყობია, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებიდან, სადისტრიბუციო კომპანიებიდან ლოჯისტიკურად ჭარბი სურსათის მიღებას უზრუნველყოფს.
„ახლა ლოჯისტიკური ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, ვფიქრობთ, 2025 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში პროცესი უნდა ჩაეშვას, ანუ „სურსათის ბანკი” უნდა გაეშვას , თუ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნა”, - განაცხადა მარუაშვილმა პრეს-კლუბში „კვირა".
მისი თქმით, პროექტის რეალიზაციის ფარგლებში უკვე დაწყებულია სასაწყობო სივრცეების მოწყობა, სადაც სურსათი განთავსდება, შემდეგ კი ბენეფიციარებს გადაეცემა.
პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება - სურსათის მიღება თბილისში მოხდება, გადანაწილება კი წყალტუბოში განხორციელდება.
„საპილოტე რეჟიმი იმას ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივად იფუნქციონირებს, ბენეფიციარები ეყოლება, მაგრამ ამავე დროს იმასაც ნიშნავს, რომ დავაკვირდეთ, რა დამატებითი საჭიროებები გაჩნდება იმისთვის, რომ სისტემამ სრულფასოვნად იფუნქციონიროს", - განაცხადა მარუაშვილმა.
მისი თქმით, საპილოტე პროცესი 2 წელი გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში წყალტუბოში სურსათით 1 ათასი ბენეფიციარი დაკმაყოფილდება, იქნება კრიტერიუმები, რომელიც სურსათის მისაღებად ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს. ბენეფიციარები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამის საჭიროების წინაშე დგანან ან სოციალურად მოწყვლადი პირები.
პროექტი ევროკავშირის და „ჩეხეთის განვითარების სააგენტოს” მიერ არის დაფინანსებული და ახორციელებს ქართული საქველმოქმედო ორგანიზაცია People in Need („ადამიანი გაჭირვებაში”).
მისი თქმით, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგენილი იქნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება.
„ეს მაჩვენებელი აუცილებლად უნდა შემცირდეს. აუცილებელია ისეთი მექანიზმების არსებობა, მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმების, რომელიც, ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას მოახდენს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჭარბი, უვნებელი სურსათის არა გადაყრას, არამედ მოსახლეობაზე გადანაწილებას", - აღნიშნა მან.
პროდუქტების სიაში, რომელსაც „სურსათის ბანკები" მიიღებენ, შესულია დაბალი რისკის შემცველი, ე.წ მშრალი პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, კეტჩუპები, სოუსები, სწრაფი მომზადების სუპები, ორცხობილები, რომელსაც შიგთავსი არ აქვს, რაც ნაკლებ რისკს შეიცავს, სიაშია ასევე ხილ-ბოსტნეულიც.
საქველმოქმედო ორგანიზაციები ასევე შეძლებენ პურფუნთუეულის მიღებას, თუ იგი დარიგებული იქნება წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში. ორგანიზაციებს აეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების ან სახლის პირობებში დამზადებული ნებისმიერი პროდუქტის მიღება.
კომპანიებს შეეძლებათ ამ პროდუქტების დონაცია პირადად განახორციელონ, ან გადასცენ ისინი კვების საქველმოქმედო ორგანიზაციებს/სურსათის ბანკებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებსაც ექნებათ ზედმეტი საკვების განაწილების ძირითადი ფუნქცია.
ავტორიზაციისთვის ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული, როგორც ბიზნეს-ოპერატორი, ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და აკმაყოფილებდეს სურსათის შენახვისა და ნარჩენების გადამუშავების შესახებ კანონებს.