თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. დღეს სამების საკათედრო ტაძარში რიგით 70-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდება. ამ დროისათვის პატრიარქს 48,5 ათასი ნათლული ჰყავს.
„მინდა, რომ თითოეულ ამ ქვეყნის შვილს მივულოცო დღევანდელი დღე - წმინდა გიორგობა. დღეს ასევე ტარდება პატრიარქის ნათლობა. დღეს კიდევ 700 ბავშვი ინათლება. ღმერთმა ამ ქვეყანაში არასდროს მოშალოს ჩვენი სწორი დამოკიდებულება ჩვენი სარწმუნოების მიმართ“, - განაცხადა კეკელიამ.
საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ეკუთვნის. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.