თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გამოძიებით დადგინდა, რომ დევიძემ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული სამ პოლიციელს თავს დაესხა. მისივე თქმით, არსებობდა მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები. დაცვის მხარე აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებოდა, მათ სასამართლოს 2 ათას ლარიანი გირაო შესთავაზეს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს პროკურატურამ მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას პოლიციელებზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყვეტი საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩების და მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების კვეთაზე, 17 ნოემბრის საღამოს დაიწყო.
19 და 20 ნოემბერს, დილით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება ორჯერ - 19 და 20 ნოემბრის დილით აიძულა. 20 ნოემბერს აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქციის დროებით შეჩერება და შემდგომი მოქმედების გეგმის შემუშავება.
ამ პერიოდში ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკვეს.
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".