თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად 2025 წლის მარტში სომხეთს შეხვდება, 2024/2025 წლების ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში 22 ნოემბერს გაიმართა.
B/C ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს.
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა B1 ჯგუფში შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (11 ქულა), მეორეზე უკრაინა (8), ხოლო ალბანეთი ბოლო ადგილზეა (7 ქულა).