საგარეჯოში კაცმა ცოლი ცემით მოკლა: ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს საგარეჯოში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორებული იყო, მათ სკოლის ასაკის ორი შვილი ჰყავთ. კაცი ცოტა ხნის წინ ციხიდან ამნისტიით გამოვიდა, მასზე შემაკავებელი ორდერიც იყო გაცემული. კაცმა ყოფილი ცოლი სახლიდან სალაპარაკოდ გაიყვანა და თავში ქვა ჩაარტყა, ამბობენ მოკლული ციკო სულიკაშვილის ახლობლები.