თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე აპირებს 3 მილიარდი ლარის დახარჯვას სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერების მხარდასაჭერად, ასევე 300 მილიონი აშშ დოლარი მობილიზებულია თანამედროვე სარწყავი სისტემების განვითარებისთვის, განაცხადა ბაქოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში გამართულ მინისტერიალს „სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ (Agriculture Innovation Mission for Climate – AIM for Climate) 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.
„საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე აპირებს 3 მილიარდი ლარის დახარჯვას სოფლის მეურნეობის სექტორში ფერმერების მხარდასაჭერად, ასევე, 300 მილიონი აშშ დოლარი მობილიზებულია თანამედროვე სარწყავი სისტემების განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ინოვაციების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, პროდუქტიულობის გაზრდას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა-განხორციელებას დიდი ყურადღება ეთმობა.
„წყლის რესურსის დაზოგვა და მათი რაციონალურად გამოყენება გახლავთ მიდგომა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატის ცვლილებების ფონზე ინერგება“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
AIM for Climate მიზნად ისახავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კვებითი სისტემების მიმართულებით ინოვაციების და ინვესტიციების განხორციელების გზით კოლექტიური ჩართულობის მნიშვნელოვნად გაზრდას.
საქართველო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. აგრარული სექტორისთვის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.