თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2024 წლის ცხრა თვე დაასრულა 490,5 მლნ ლარის მოგებით, რაც გასული წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 2%-ით მეტია, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით შემცირდა და 75,4 მლნ ლარს გაუტოლდა, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მოგების შემცირება ძირითადად საკურსო სხვაობის გამო 17 მილიონი ლარის ოდენობის ზარალმა განაპირობა.
მიმდინარე წელს შემოსავლის წყარო იყო სატვირთო ტრაფიკი, ლოგისტიკური მომსახურება, ტვირთების მართვა, სამგზავრო გადაზიდვები, ვაგონებით ტრანსსასაზღვრო მომსახურების საფასური, ვაგონების გაქირავება და სხვა.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ტვირთბრუნვამ 2,988 მლნ ტ/კმ შეადგინა, რაც 3,5%-ით მეტია 2023 წლის ცხრა თვის მაჩვენებელზე. მგზავრთა ბრუნვა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 8,9%-ით შემცირდა და 489 მლნ მგზავრ/კმ შეადგინა.
მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზამ“ 12 ათას თანამშრომელს ხელფასის სახით 171,7 მილიონი ლარი გადაუხადა, ცვეთა და ამორტიზაციის ღირებულებამ 48 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის, საწვავის და სხვა სახარჯო მასალის ღირებულებამ 63 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯებმა - 108 მლნ ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის აქტივები 2,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები 1,64 მილიარდ ლარს. მათ შორის ყველაზე დიდი ვალდებულებებია 2021 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის 7-წლიანი ევროობლიგაცია, რომელიც კომპანიამ 2028 წელს უნდა დაფაროს.
ევრობონდების რეფინანსირება „საქართველოს რკინიგზას“ სასესხო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში დაეხმარა.
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა მწვანე ობლიგაციები. საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 7,75%-ის ნაცვლად 4%-ით განისაზღვრა. ეს კი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როდესაც სატრანსპორტო ორგანიზაციამ მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდი, მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. წარმატებული ტრანზაქციის შედეგად კომპანია 100 მლნ დოლარზე მეტს დაზოგავს.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს. ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.