საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად პრეზიდენტი ახალი პარლამენტის სხდომას არ გახსნის

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა დეტალურად განმარტა პარლამენტის მუშაობის პირველი დღის პროცედურები
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ახალი მოწვევის უხუცესი დეპუტატი ვლადიმერ კახაძე გახსნის, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას იწვევს და ხსნის ქვეყნის პრეზიდენტი. თუმცა, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომა არ დანიშნა, ამის ნაცვლად მან 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ზურაბიშვილი, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. როგორც იცით, ამ მუხლის დანაწესით, მან უნდა განსაზღვროს ამ 10 დღის განმავლობაში რომელ დღეს გაიმართოს სხდომა. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, 12:00 საათზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პირველი დღის პროცედურები დეტალურად განმარტა.
მისი თქმით, ცესკომ უკვე დაამზადა არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები.
„ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა დროებითი მანდატი ცესკოსგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია, ვინაიდან ჯერ ელექტრონულ სისტემაში არ არიან პარლამენტის ახალი წევრები შეყვანილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დილის 11 საათიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება.
„12:00 საათზე დაიწყება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც წაუძღვება მისი უხუცესი წევრი ბატონი ლადო კახაძე, როგორც ეს მეათე მოწვევის პარლამენტის შემთხვევაში იყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება პირველი სხდომის დღის წესრიგს, პაპუაშვილის თქმით, მას რეგლამენტი განსაზღვრავს, და პირველი საკითხი ეს არის დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა.
„იცით, რომ ცესკოს თავმჯდომარეც არის ჩართული ამ პროცესში. მისი მოხსენების შემდეგ მოხდება პარლამენტის მხრიდან პარლამენტის წევრების - 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა და ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგაც, პაპუაშვილის თქმით, შესვენების დროს, უკვე ფრაქციები ყალიბდება.
„შესვენების შემდეგ ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენა და მისი არჩევა, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა“, - განმარტა სპიკერმა.
შემდეგ კვლავ ცხადდება შესვენება, რომლის დროსაც ხდება კომიტეტების ჩამოყალიბება და ამის შემდეგ, ხელახალ სხდომაზე, უკვე კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
„შესაბამისად, პირველ სხდომაზე გვექნება 3 ძირითადი საკითხი. ეს გახლავთ: პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, მათ შორის, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.