პაპუაშვილი: 25 ნოემბერს ყველა იხილავს ოპოზიციის სამარცხვინო, უღირს სახეს

ამომრჩევლებს საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომელიც მუშაობს უცხოელი პატრონების დავალებით და მათ არაფერი ქართული არ აინტერესებთ, აღნიშნა პაპუაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიცია ჩიხში შევიდა და დაიტოვა მხოლოდ ორი არჩევანი - ან უარი თქვას მე-11 მოწვევის პარლამენტში დეპუტატობის მანდატებზე და ამით თავი გაინადგუროს ან არ თქვას უარი დეპუტატობაზე და თავი დაიმციროს, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა, არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადა. კოალიციებმა - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ -განაცხადეს, რომ უარს აცხადებენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ ამჯობინეს თავშეკავებული ფორმულირება, რომ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
„ვხედავთ, რომ ისინი ეძებენ გამოსავალს, მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი როგორ გადადგან. მათ ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი. აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან უარს არ იტყვიან მანდატებზე და დაიმცირებენ თავს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სპიკერის თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ ღირსება არ აქვთ. როდესაც უცხო ძალების ინტერესების გამტარი ხარ, პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ის, რომ ღირსებაზე უარი თქვას, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ამიტომ როგორც ექნებათ დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან და მათთვის შინაგან დისკომფორტს არ იწვევს ის, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავად აქვთ შეფასებული, პუფებად შემოვლენ პარლამენტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი მათ ამომრჩეველსაც აფრთხილებდა, ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომელიც მოქმედებს უცხო პატრონობის დავალებით და ამ ხალხს ქართული არაფერი აინტერესებს, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს, როცა უარს არ იტყვიან მანდატებზე და გამოჩნდება კიდევ ერთხელ რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან ოპოზიციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის ნამდვილს სახეს ყველა იხილავს 25 ნოემბრის დღის მეორე ნახევარში, როდესაც ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.
„გამოჩნდება მათი სახე, რომ მანდატებზე უარს არ იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ საჯარო პირობა დადო, მათ შორის ქალბატონი სალომეს [ზურაბიშვილი] ჩართულობით, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ. 25 ნოემბერს მათ სამარცხვინო უღირსს სახეს ყველა ნახავს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.