თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთი დაამარცხა.
სერბი სპეციალისტის, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ფინელებს შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩში შვიდქულიანი სხვაობით მოუგო - 90:83.
ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 24 საათში ორი მატჩი ჩაატარა. ეროვნული ნაკრების მატჩამდე მან იტალიურ კლუბ „ვირტუსში“ ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში თურქულ „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ ითამაშა.
კაპიტანი საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაში დაეხმარა - თორნიკემ 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ამერიკელმა ლეგიონერმა კამალ ბოლდუინმა კი სადებიუტო მატჩში 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააფიქსირა.
G ჯგუფში ოთხი გუნდია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ოთხიდან სამი გუნდი შემდეგ ეტაპზე გადის. ვინაიდან ფინეთი ტურნირის მასპინძელი ქვეყანაა, სამ გუნდს ორი შესარჩევი ადგილი აქვს.
რადგანაც სერბეთი აშკარა ფავორიტია, საქართველოს ნაკრებმა დანიას უნდა გაუსწროს.
ამ მიზნის მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთთან გამარჯვება 24 ნოემბერსაც თბილისში. საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის მატჩს „თბილისი არენა“ უმასპინძლებს.
ორი გადამწყვეტი ტური თებერვალში გაიმართება. საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ეწვევა. საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით ორი წაგება აქვს.
2025 წლის კონტინენტური ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სამ ფანჯარაში მიმდინარეობს. პირველი ფანჯარა - 2024 წლის 19 თებერვლიდან 27 თებერვლამდე, მეორე - 2024 წლის 18 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე და მესამე - 2025 წლის 17 თებერვლიდან 25 თებერვლამდე. გუნდები თითოეულ ფანჯარაში ორ თამაშს ითამაშებენ.
ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე 24 ადგილისთვის 32 ქვეყანა იბრძვის.