თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში ტელე- და რადიომაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმა 16 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ეს შემოსავლები მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
ტელევიზიებისთვის 2024 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 13,5% - პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის III კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 5,6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0,7 მილიონი ლარით ნაკლებია.
2,1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო „რუსთავი 2“-მა, რაც წინა წელთან შედარებით 0,4 მილიონი ლარით ნაკლებია.
„მთავარი არხის“ შემოსავალი 1,6 მილიონს გაუტოლდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2 მილიონი ლარით ნაკლები).
მიმდინარე წლის III კვარტალში 1,4 მილიონი ლარი მიიღო POST TV-მ, რაც გასულ წელთან შედარებით 0,4 მილიონით ნაკლებია.
უცვლელი დარჩა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი, რომელმაც 1,2 მილიონი ლარი შეადგინა. ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0,8 მილიონი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა.
ვინაიდან ეროვნული კომისიის ანგარიში მოიცავს მხოლოდ კომერციული რეკლამით მიღებული შემოსავლების ანალიზს, ის არ მოიცავს შემოსავალს ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან, რომელიც ტელევიზიებმა აწარმოეს წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც დაემთხვა მესამე კვარტალს და 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამისთვის დათმობილი დრო დაიყო კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამად, რამაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო შეამცირა.
წყარო - კომკომი