თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. უკრაინაში კონფლიქტმა გლობალური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც კიევმა დასავლური შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყა კურსკისა და ბრიანსკის ოლქებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვაში.
მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმა ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით განხორციელდა.
„ამ მომენტიდან, როგორც არაერთხელ გავუსვით ხაზი, დასავლეთის მიერ მანამდე პროვოცირებულმა რეგიონულმა კონფლიქტმა უკრაინაში გლობალური კონფლიქტის ელემენტები შეიძინა“, — აღნიშნა მან.
ამასთან, როგორც რუსეთის ლიდერმა უთხრა ქვეყნის მოსახლეობას, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა კურსკისა და ბრიანსკის ოლქებზე შეტევა მოიგერიეს, ამიტომ მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ ყოფილა.
პუტინის განმარტებით, ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალების არსენალს ცეცხლი რაკეტა ATACMS-ის ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად გაუჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს.
ვლადიმირ პუტინმა დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართა, რათა სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებზე მიეწოდებინა ინფორმაცია მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური წარმოების შორი მოქმედების იარაღი იქნა გამოყენებული.