თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში 21 ნოემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge", - ნათქვამია განცხადებაში.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).