თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ევროპის ერთ-ერთმა ტოპ-კლუბმა, კატალონიურმა "ბარსელონამ" განაახლა მოლაპარაკებები იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავის, ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში ტრანსფერთან დაკავშირები, იუწყება გამოცემა Sport.
„კვარაცხელიას აგენტები უკვე დაუკავშირდნენ კლუბის ხელმძღვანელობას და განაახლეს მოლაპარაკებები, რომელიც ერთი წლის წინ გაიყინა", - წერს გამოცემა.
იმის შესახებ, რომ კვარაცხელიას მომავალი ტრანსფერით "ბარსა" სერიოზულად არის დაინტერესებული, ავტორიტეტულმა გამოცემა SKY sport Italia-მაც გაავრცელა ინფორმაცია.
„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი გრანდის, „ბარსელონას“ ყურადღების ცენტრში მოექცა. კატალონიელები ქართველი გარემარბით არიან დაინტერესებულნი, რომელიც „ნაპოლის“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერაც ვერ შეუთანხმდა. „ბარსელონა“ ფლანგის მოთამაშეებს ეძებს“, – წერს SKY sport Italia.
ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლის კლუბთან ახალი კონტრაქტისთვის ჯერ ხელი არ მოუწერია. მედიის ცნობით, ქართველის გარემოცვა და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვლავ ვერ თანხმდებიან. დღეისთვის ქართველი ლეგიონერის ანაზღაურება კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია - 1,2 მლნ ევრო წელიწადში.
ინსაიდერების წყაროებიდან ცნობილი გახდა თანხა, რომელსაც „ბარსელონა“ ქართველის ტრანსფერზე დახარჯავს. La Repubblica-ს ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ნეაპოლელებს დაახლოებით 80 მილიონი ევროს შესთავაზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის შეძენაზე უარი თქვა და ფსონი ხვიჩაზე გააკეთა.
მიმდინარე სეზონში სერია А-ში კვარაცხელიას ანგარიშზეა 5 გოლი და 2 საგოლე პასი.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა.