თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შემდეგ მელიქიშვილის გამზირი დატოვეს- ლიდერები მათ დაპირდნენ, რომ მალე გააცნობენ თავიანთ გეგმებს.
მანამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოძრაობა ჰქონდათ გადაკეტილი, მელიქიშვილის გამზირზე გადანაცვლება აიძულეს. ერთი დღით ადრე, გამთენიისას, პოლიციამ აქციის მონაწილეებს თსუ-ის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა, თუმცა მომიტინგეები საღამოს, პროტესტის თავდაპირველ ადგილას დაბრუნდნენ.
გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნა ამჯერად პოლიციამ იმით ახსნა, რომ კანონის თანახმად, გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული იძულებითი ღონისძიება გამოწვეულია ხალხის სიმრავლს გამო.
ჭავჭავაძის გამზირიდან აქციის მონაწილეების გაყვანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა და აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისთვის 15 წუთი მისცა. შემდეგ პოლიციამ ე.წ. ცოცხალი ჯაჭვით აქციის მონაწილეები აიძულა მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, რომელმაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, ოპოზიცია უახლოეს მომავალში დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს და სამოქმედო გეგმას საზოგადოებას წარუდგენს.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ, მელიქიშვილის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ოპოზიცია უარს აცხადებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე. მათი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ვინ და რას აპროტესტებს
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მიეღოთ აღიარება საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცესკოსთვის, ისე სასამართლოებისთვის, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
მოსარჩელეების თქმით, ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად, არის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა.
სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
გარდა ამისა, პარლამენტის 30-მა დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.