მილერი: საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვაშინგტონი მზადაა საჭიროებისამებრ განახორციელოს შემდგომი პოლიტიკური ქმედებები, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა მეთიუ მილერმა.
პრესკონფერენციაზე მილერს დაუსვეს კითხვა საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაშლაზე. მილერს სთხოვეს დაეფიქსირებინა პოზიცია ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფონზე.
„ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს... გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ“, – განაცხადა მილერმა.
მილერმა კიდევ ერთხელ ახსენა ის ღონისძიებები, რომლებიც აშშ-მ უკვე მიიღო საქართველოს ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ.
„როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ გადახედვა მიმდინარეობს და ამ პროცესში არაფერი მომხდარა", - დასძინა მილერმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათი განცხადებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ.